21 Dec 2010

სოცმომსახურების მსახურები


მზრუნველობის დამადასტურებელ საბუთში ასობგერა ინის ჩასამატებლად ვესტუმრე ვაკესაბურთალოს სოცმომსახურების სააგენტოს პლეხანოვზე. პირველმა კაცმა, ვისაც კითხვა დავუსვი, მეორე კორპუსში გამიშვა, მეორე კორპუსიდან 203-ე ოთახში გამიშვეს, 203-ე ოთახიდან 302-ე ოთახში გამიშვეს, 302-მ, ისევ, მეორე კორპუსში, სადაც აღიარეს რომ შეცდომით მითხრეს 203 და 302-ში უნდა მივსულიყავი. 302-ში დავწერე განცხადება ასობგერის ჩამატების თხოვნით, სააგენტოს უფროსის სახელზე, რომელიც აღმოჩნდა 'პირველი კაცი', რომელმაც გამიშვა მეორე კორპუსში.

4 Dec 2010

ვაიმეეეე


ჩემი მომთაბარე ბლოგი გადმოვიდა ახალ მისამართზე - green.vaime.ge

5 Sept 2010

Seize the Day


მეხსიერება მანებივრებს მოცულობით. ტვინი ძალდაუტანებლად გადასცემს სიგნალს REC-ს და  იწერს ყველაზე კარგ წამებს. ყველაზე ხშირად ეს ხდება მონათესავე სულების შეცნობისას, როდესაც ემოციებისგან სხეულის ფორმის შეგრძნებას ვკარგავ და მგონია, გახეთქილი გული მუცლის ღრუს მივსებს. ამ დროს პირის გაღებაც მიჭირს, ბგერებს ვერ ვაკონტროლებ და, თავისთავად, დროსაც ვერაფერს ვუხერხებ, უბრალოდ, ტვინის იმედზე ვარ, რომელიც მონდომებით იწერს მომენტებს.

შენ როდის აჩერებ დროს,  clown ?

31 Aug 2010

Summer's Almost Gone


ყველაზე ამაღელვებლად დაწყებული და უსაშველოდ გახანგრძლივებული ზაფხული მთავრდება. მხოლოდ ამ ზაფხულს მქონდა დღე, როდესაც დილით უზომოდ გახარებული ვიყავი, საღამოს- უზომოდ მოწყენილი. მთავარი განცდებია, თორე დიდი არაფერი მომხდარა. დილით სტუმრები წავიდნენ, საღამოს ბრაზილიამ წააგო. სტუმრები მალე დაბრუნდებიან, ბრაზილია კი მაინც მიყვარს.

p.s. ხო, ერთ რამესაც მივხვდი: არაა საჭირო 'მარშუტკაში' ფანჯარასთან დაჯდომა. მის უკანა სკამზე უკეთესად უბერავს.

28 Aug 2010

ჯასთ ენაზერ თაგ პოსტ


რა თქმა უნდა, ბევრ რამეზე ვჭედავ. მაქვს ბევრი ახირება და ბაზრობაზეც არ ვარ მხოლოდ ერთხელ ნამყოფი :zurriusssmile: წესრიგი მიყვარს, თუმცა, არაა გამორიცხული, დამტვერილ მაგიდასთან დავჯდე და გემრიელად მივირთვა. თავს ვიკავებ ფიზიკური ძალადობისგან, როცა ბავშვი ტოვებს საჭმელს. იშვიათად მიხარია სტუმრის მოსვლა. ვერ ვიტან, ვინმეს რომ უნდა გავუშალო სუფრა. გოიმური რა მაქვს, არ ვიცი. აააა, ფრჩხილებს ვიკვნეტდი და აღარ ვიკვნეტ. ესე საჯაროდ არასდროს გეტყვით ჩემს გოიმობაზე არაფერს. მაგისთვის  მეგობრები არსებობენ.

სიამოვნებით მოვუსმენ ქეთის, ჩორვენს და ფსიქეს

14 Aug 2010

It doesn't matter


სამწუხაროდ,  ყველანი ვიღაცის შვილები ვართ. ვინმეს ძეობა და ასულობაც სამწუხაროა.  სამწუხაროა ეს კუთვნილება და კლიშე, რომესაც გვარით ვატარებთ.  ჩვენ ამის გარეშეც ვართ ის, ვინც ვართ და ამ გვარით მაინც ვერ ვიქნებით ის, ვინც არ ვართ. არ აქვს მნიშვნელობა ვისი გენეტიკური მახასიათებლებია ჩემი უჯრედების ბირთვებში. მე მაინც ცალკე ტიპი ვარ, არც არავის ძე,  არც არავის ასული.

ჩამომართვით ეს გვარი, სახელი და  დამნომრეთ! უბრალოდ ვიქნები მერამდენეღაცა ახალშობილი, რომელიც თავისით დაირქმევს სახელს.

9 Aug 2010

unidentified


მაქვს სახელი, გვარი, ფსევდონიმი, ზოდიაქოს ნიშანი, დაბადების თარიღი, ბიოგრაფია, გატაცება, სურვილები...ბევრი რამ, რითაც ვახდენ თვითიდენტიფიცირებას. უფრო მართებული იქნებოდა მეთქვა "მქონდა", რადგან დღეს დავკარგე ერთი მოცემულობა და დღეიდან ჩემს თავზე ვიტყვი "მე აღარ ვარ", რა მნიშვნელობა აქვს რა, უბრალოდ, ის აღარ ვარ, რაც დღემდე ვიცოდი. არა, უფრო მართებული იქნება "არც მქონია". ყველაზე მძიმე მომენტია ჩემს ცხოვრებაში–არ ვიცი ვინ ვარ.

4 Aug 2010

კამასუტრაზე როგორ ხარ?


მოდი, ეხლა, რაღაც სასიამოვნოზეც ვისაუბროთო - უთხრა ნანკა კალატოზიშვილმა სოფია კენჭიაშვილს მაშინ, როცა უკვე ვიცოდით როდის და რამდენი საყვარელი ყავდა გადაცემის სტუმარს. მერე გაუჭირდა ნანკას, მაგრამ მაინც მიუბრუნდა "უსიამოვნო" თემას და თქვა: "ეს ეხლა ვფიქრობ, პირდაპირ დაგისვა კითხვა, თუ რამე ისე გაგესაუბრო?..ინდოეთი..კამასუტრასთან როგორ ხარ?-ამ დროს სოფიამ შეიცხადა, რამე სასიამოვნოზე ვისაუბროთო და ..(ეს რა კითხვა არისო. ავტ:) )
ხოდა, დაუფიქრებლად, პირდაპირ გკითხავ, შენ ისე როგორ ხარ, ნანკა?

27 Jul 2010

ოპტიმალური სიჩქარე


ურთიერთობები რაღაც სიჩქარით ვითარდება. არსებობს ემოციაც, რომელიც შენგან დამოუკიდებლად იცვლება, მძაფრდება, ან იკლებს, მოკლედ, ისიც  თავისი სიჩქარით მიდი-მოდის. ამ სიჩქარით უნდა აყვე ურთიერთობას. სულ უნდა უყურო ემოციის "სპიდომეტრს" და მასზე მეტად არ აჩქარდე. ეს იგივეა, მოძრავი მანქანიდან გადმოხვიდე და მასზე სწრაფად იარო. ბოლოს მაინც გადაგივლის ეს მანქანა,  ემოცია, რომელსაც მოქმედებამ დაასწრო და დაუბადებლად მოკლა.

26 Jul 2010

hungry


ერთმა მეგობარმა მასწავლა ადამიანების შეცნობის კაიფი. უკვე ცხრა წელია ამ ნარკოტიკზე ვზივარ. პერიოდულად "მშივდება" და საჭმლის ძებნას ვიწყებ. ზოგი მომყვება ამ თამაშში. ზოგი კი არა, ვინც მომშივდა, ყველა აზარტული აღმოჩნდა. ახლა შიმშილის პერიოდი  მაქვს. დაცლილი ვარ და ისეთი განცდაც მაქვს, რომ ვეღარ შევჭამ. ისეთი, ისეთი დაცლილი ვარ, რომ პირველად ვწერ ასე საჯაროდ. მშია.

21 Jul 2010

სავსე


ყოფილხართ ისეთი სავსე, რომ მიწაზე ფეხიც ვერ დაგიდგამთ? ისეთი სავსე, რომ გეგონათ, საჭმელიც არ დაგეტევათ კუჭში? გიგრძვნიათ ამ სისავსისგან ხტუნვის სურვილი, რათა როგორმე ამოგესუნთქათ? ხო ყოფილხართ ისეთი სავსე, რომ ლაპარაკი გაგჭირვებიათ და, თითქოს, ტანსაცმელიც პატარა გაქვთ? აი, ესეთი სავსე იყო "მარშუტკა", როცა მძღოლმა კიდევ ერთი მგზავრი დაგვიმატა :)

19 Jul 2010

გასვლა


ქალაქიდან გავედი ერთი დღით. კარგად გამოვიძინე, გავგრილდი. დღეს სამსახურში წამოსასვლელად ავტობუსის გაჩერებაზე ვიდექით მე და ჩემი თანადამსვენებელი, როდესაც მანქანა შეჩერდა და ამ ქალს ანიშნეს დასხედითო. გამიხარდა, ჩავჯექი. კეთილი მასპინძელი წუწუნებდა, რა დროს გასვლითი სხდომაა, რა ხდება ამ წალკაში ისეთი, რომ მაინცდამაინც იქ უნდა ჩაატაროს სხდომა, რა გონია, რა დახვდება იქ, მარტო გახრიკებული ადგილიო. ჩემი ჩამოსვლის დრო მოვიდა, გული დამწყდა. მაინტერესებდა, კიდევ რამდენხანს იწუწუნებდა  (თურმე) გამგებელი პრეზიდენტის დანიშნულ გასვლით სხდომაზე.

16 Jul 2010

ვინ გამოიცნობს?


კორონა, უკვე რამდენიმე წელია, სოფო ხალვაშს სურვილიდან სურვილამდე მიაქროლებს. ისიც ეხვეწება, იყავი სულ ჩემთანო, ხოდა, გავგიჟდი უკვე ამ ხვეწნა-მუდარის მოსმენით და ხომ არ იცით, რა მანძილი უნდა დაფაროს სოფომ a სურვილიდან  b სურვილამდე, რათა ეს კორონაც დარჩეს მასთან და  ორივემ დამანებოს თავი?

პ.ს. პოსტი ეძღვნება კომიკური საუბრების საერთაშორისო დღეს, რომელიც გუშინ ყოფილა :)

13 Jul 2010

Discovery


სიძულვილი, ზიზღი, სიყვარული, მონატრება,  სიხარული,  გულდაწყვეტა,  სინანული, აღფრთოვანება,  გადარევა, გაგიჟება,  გარდაცვალება,  დაბადება,  შეცნობა,  მიტოვება, ცვლილება, მარტოობა, აღმაფრენა, დაცემა, მზრუნველობა, სითბო, უიმედობა, იმედი.... Jesus' blood never failed me yet , ამის გარეშე ვერ განვიცდიდი ამდენს..

12 Jul 2010

გვინდა-არ გვინდა


არ არსებობს ცუდი,  კარგი,  შესაფერისი,  შეუფერებელი,  გადასარევი,  საზიზღარი,  აუტანელი,  საყვარელი,  თბილი, ცივი,  ყურადღებიანი, უყურადღებო,  ეჭვიანი,  ეგოისტი,  ერთგული,  ორგული,  კეთილი, ბოროტი, ან მესაკუთრე ადამიანი.  არსებობს მხოლოდ ის ადამიანი, ვინც გვინდა და ვინც არ გვინდა, უბრალოდ.

11 Jul 2010

მოსაგონარი..


უკვე ერთ თვეზე მეტი გავიდა, რაც ჩვენ შორის აღარ ხარ..ყველასთვის საყვარელი და  ძვირფასი იყავი, მაგრამ,  გამოგვეცალე ხელიდან. უშენოდ თავს უმწეოდ ვგრძნობთ, თან ვერაფერს ვცვლით. თავს იმით ვინუგეშებთ, რომ ღმერთს თავისთვის კარგები უნდა ყოველთვის. შენც ხომ ესეთი კარგი იყავი, სიგრილევ..

10 Jul 2010

სად მთავრდება გაშუქება და იწყება ამბავი ?

tweet.ge - ს პრეზენტაციაზე რამდენიმე  ჟურნალისტი იყო მოსული. ოპერატორები კადრებს იღებდნენ.  შუა დარბაზში მაგიდა ცარიელი იყო,  უმეტესობა დარბაზის კიდეში ჩამწკრივებულ სკამებზე ვისხედით. კადრებისთვის ამ მაგიდასთან დასხდომა გვთხოვა ერთმა ჟურნალისტმა. დავსხედით.  რამდენიმე წუთში ერთ-ერთმა ორგანიზატორმა თქვა, პრეზენტაციას ვიწყებთო. ამ წინადადებას მოყვა ჟურნალისტების მოკლე წინადადება -  "წავედით".  ესე ასცდა დროში ერთმანეთს გაშუქება და ამბავი :)

29 Jun 2010

მობილური რელიგია


რისი ხმა გაგაკვირვებთ ყველაზე მეტად საჯარო რეესტრში? მე ზარების რეკვის ხმამ გამაკვირვა. ვიფიქრე, რეესტრი ხომ არ უნდა აკურთხონ-მეთქი , მერე ვიფიქრე რომ საპატრიარქოს არხი ჩართეს და მესამე ვარიანტს სანამ მოვიფიქრებდი, ზარების რეკვის ხმა შეწყდა.. თურმე, მობილური რეკავდა. ხოდა..ის გავიფიქრე, რომ ძალიან მობილურია ყველაფერი. ჯიბით შეგიძლია ატარო შენი რელიგია, თანაც,  mp3 ფორმატში.

10 Jun 2010

ქალებსაც გვინდა გართობა


მომესმა? რაოოოოოოოო? "ქალებსაც გვინდა გართობა, მხოლოდ, კინოშიო?" ეს არის "სექსი დიდ ქალაქში"? არა, აშკარად ამ ფილმის რეკლამის ბოლო სიტყვებია ეს, რადიოში მოვისმინე ჩემი ყურით. ეს "სექსი დიდ ქალაქში" კი არა, "სხვისი სექსი კინოში" უფროა.

6 Jun 2010

new media


თუ ტელევიზორის ყურება არ გინდა, უნდა გამორთო. თუ რადიოს მოსმენა არ გინდა, უნდა გამორთო. თუ გაზეთის წაკითხვა არ გინდა, უნდა გადადო. მაგრამ, თუ ლოცვა არ გინდა, ვერაფერს იზამ. ეკლესიაში დამონტაჟებული დინამიკები სახლში მოგაწვდენენ ლოცვის ხმას. ახალი მედია დაუკითხავად შემოიჭრება შენს სახლში ხმის გამაძლიერებლით. ახალი მედია, რომელიც გართმევს არჩევანს, მოსმენასა და არმოსმენას შორის.

31 May 2010

გამწვანების მიზეზი


ბუნება მიყვარს, ნაგავსაც არ ვყრი ძირს, მაგრამ, რემონტის დროს, ხელოსანმა და ბებიაჩემმა გადაწყვიტა მწვანე მაცივრის ხათრით მთელი სახლის გამწვანება და ამიტომ გავხდი green :) კარგია რომ მაცივარი არ იყო წითელი. რა აიტანდა წითელ სახლს, თორე gvantsa b red ჯანდაბას :)

8 May 2010

მიმართვა


სანამ გადახვალთ,როცა გადახვალთ, კუთხეში, მაღაზიასთან, ჩასახვევთან, რომ მოუხვევთ, სანამ მოუხვევთ, შუქნიშანთან, შუქნიშანს რომ გასცდებით, აქ სადმე, "პადზემკასთან", ან მეტროსთან კი არა, გაჩერებაზე გააჩერეთ ავტობუსი.

7 May 2010

გამჟღავნებული სირობა


საერთოდ, საიდუმლოები მიყვარს. წიგნში 2 ბალი ბარათის ფული დავხარჯე. საერთოდ, წიგნებიც მიყვარს და ჟურნალებსაც კი ნელა ვფურცლავ, რომ არ დაიკუჭოს, მაგრამ "საიდუმლო სირობა" პირველი წიგნია, რომელსაც სანიშნი არ ჩავუდე და, უბრალოდ, ფურცელი გადავუკეცე, გვერდი რომ არ დამვიწყებოდა. პირველივე მსურველს ვაჩუქებ ამ წიგნს :)

23 Apr 2010

გამშუქებლების გამშუქებლების გამშუქებელი


დილით ტელევიზორი ჩავრთე. თვალში cnn-ის ლოგო მომხვდა, ყურში-ქართული კომენტარი.არხი მონდომებით აშუქებდა იმას, თუ რას აშუქებს cnn საქართველოზე. უცხოური არხებისთვის, ფაქტობრივად, არ გვჭირდება სატელიტური ანტენა, საკაბელო და ეგეთი რამეები, ყველაფერს ისედაც აშუქებენ ქართული არხები :) პრინციპში, თქვენ არც ტელევიზორის ჩართვა დაგჭირდებათ, რადგან მეც "გავაშუქე" ის, რომ ქართულმა არხმა გააშუქა, ის, რომ cnn-მა გააშუქა ის, რომ საქართველო........მოკლედ, ვინ გამაშუქებს მე? :))

12 Apr 2010

colour of married woman


"შენ გათხოვილი ხარ, ხო?"-მკითხა მეგობრის ბებიამ, ისეთი ტონით, რომ ჩემი გაუთხოვრობის შემრცხვა. უარყოფით პასუხს უფრო გაკვირვებული სახე მოყვა. სანამ რამეს მეტყოდა, მივაშველე "არ ვაპირებ ჯერ". "არადა, ისეთი ფერი გაქვს, გათხოვილი მეგონე, მალე გათხოვდები, ე.ი."-აქ უკვე მე დამრჩა გაკვირვებული სახე,მას არაფერი მოუშველებია და მას მერე ვფიქრობ, რა ფერი შეიძლება ჰქონდეს გათოხვილ ქალს, ან რა ფერი მქონდა მე:)

24 Feb 2010

ლოცვა და იმედი


სამზარეულოში შევედი და დამხვდა სანახაობა: საპატრიარქოს არხი შვიდგზის ლოცვას გადმოსცემს, თანამშრომელი ლოცულობს. ანტენა მოძრაობს და ლოცვა შიშინით ისმის. თანამშრომელი ერთი ხელით ანტენას ასწორებს, მეორე ხელით მლოცველის პოზას იჭერს. ლოცვას წყვეტს და დაუმორჩილებელ ანტენას მიმართავს: „უხ შენი!“. საბოლოოდ, ანტენამ „იმედი“ დაიჭირა. კადრი: თეა თუთბერიძე ისმენს კითხვას: „სექსში თავისუფალი ხარ?“. თანამშრომელი ყურადღებით ელის პასუხს.

17 Feb 2010

View Full Archive


მეხსიერების გარეშე როგორი იქნება ცხოვრება? -ჩემთვის მოსაწყენი. ერთ დღეს რომ დამავიწყდეს, როგორ გამიხარდა ველოსიპედით რომ გავიარე პირველად, რა შორს იყო გზის დასაწყისი, უკან რომ მოვიხედე, ხომ მოვიწყენ? რომ არ დამავიწყდეს და არ მოვიწყინო, ყველაფერს ვინახავ. მითუმეტეს ახლა, როცა ყველაფერი ვირტუალურია, ვინახავ მეგობართან მობილურით ლაპარაკის ჩანაწერს, ცუდად გადაღებულ ფოტოებსაც, chat history-საც. ხო, ეს ნამდვილად გავს დაკონსერვებას და თაროზე შემოდებას, მაგრამ ზოგჯერ არაფერი მინდა View Full Archive-ის გარდა.