25 Nov 2009

crossing


ჩამოვედი „მარშუტკიდან“, გავისწორე პალტო, აიპოდი. გადავრთე ამოჩემებულ სიმღერაზე და წარმოვიდგინე, როგორ ვიმღერებ ჯოპლინის სიმღერას რომელიმე ბარში. (სულ ვოცნებობ კარგ ხმაზე :)..
25 24 23 22 21....3 2 1 და გადავჭერი პატარა ქუჩა, მერე გავჩერდი, დაიწყო ათვლა, მივიდა 1-მდე, გაყვითლდა, ის გაწითლდა, ეს გამწვანდა და მეც გადავედი, გავჩერდი, მოვბრუნდი მარჯვნივ და დაველოდე გამწვანებას..გამწვანდა, გადავდგი რამდენიმე ნაბიჯი და ისევ დაიწყო ათვლა, თუ დათვლა, თუ თვლა...8 7 6 .....2..1 და გადავედი იმ ქუჩის მოპირდაპირე მხარეს, სადაც „მარშუტკიდან“ ჩამოვედი.

აი, ესეთი მოსაწყენია ოთხად დაყოფილი პეკინის ქუჩის გადაჭრა .

23 Nov 2009

სნობი



მედიის მსხვერპლი ვარ. არა!- მედიის პროპაგანდის. ვკითხულობ და ვუსმენ (ტელევიზორს არ ვუყურებ) იმ ავტორებს, ვინც გაპიარებულია. დავძვრები ამ „გამოჩენილი მოაზროვნეების“ ბლოგებზე და ისტერიულად ვდებ ლინკს facebook-ზე. ცუდ რამეებს ნამდვილად არ ვკითხულობ, უბრალოდ, სხვა საინტერესო ბლოგები და ავტორები მრჩება გვერდზე. ეს არაფერია სნობიზმის გარდა. ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვფიქრობ. მხოლოდ რამდენიმე წყაროთი მაქვს გამოკვებილი ტვინი და მინიმუმია ჩემში პლურალიზმი. არა იმიტომ, რომ მას არ ვაღიარებ, არამედ, არ ვეცნობი სხვა, მართლაც განხსვავებულ აზრს. დღეიდან ვიწყებ განსხვავებული აზრების გაცნობას და მათ მშვიდად მიღებას (ქილიკის გარეშე).

19 Nov 2009

ამბავი ამბივალენტურზე


ამბავი დაგვიანებით დაიწყო. მე და ქეთი გოეთეს ინსტიტუტში, რუსუდან პირველის და სალომე ჯაშის ფილმების ჩვენებაზე წავედით. დარბაზში ცხელოდა. იმდენი და ისეთი ხალხი იყო, რომ ერთი ბომბის შემოგდება რამდენიმე წლით უკან დახევდა ქართული სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესს. მთავარი ამბავი დაიწყო მაშინ, როდესაც დამთავრდა ფილმი „ლიდერი ყოველთვის მართალია“ (ავტორი: სალომე ჯაში). ფილმი პატრიოტთა ბანაკზე იყო. ყველამ დავინახეთ, როგორ (აღ)ზრდიან პატრიოტებს და ბევრს არ მოეწონა მეთოდი. შუქი აანთეს, უკეთესად დავინახე აღშფოთებული სახეები(თან ფეხზე ვიდექი :ანშლაგისმაილ:). რა გასაკვირია, რომ ჩვენი მოაზროვნეები კრიტიკით შეხვდნენ ბანაკის მეთოდებს. აღმოჩნდა რომ ფილმის და ჩემი პოსტის გმირი, ბანაკის ლიდერი და რომელიღაც სკოლის დირექტორი (სახელი არ მახსოვს), ჩვენებას ესწრებოდა. ფილმში იყო ისეთი კადრები, რომელშიც ეს ქალი მთავარ იდეოლოგად ჩანს. იყო სასაცილო მომენტებიც, რაზეც მეც გულიანად ვიცინე. მოკლედ, დადგა ეს ქალი და მოისმინა რამდენიმე მწვავე კრიტიკული განცხადება. ხმაური რომ ატყდა, ერთ-ერთი სელებრითი (არ ვაქილიკებ, უბრალოდ არ მიყვარს სახელები და გვარები) ადგა და ზუსტად ის თქვა რასაც ვფიქრობდი. მოკლედ, ხალხს ურჩია, ამ ადამიანისკენ არ მიემართათ მთელი ბრაზი, რადგან მხოლოდ ის არაა დამნაშავე. ცოტა დამშვიდდა სიტუაცია და მთავარი, რამაც აღმაშფოთა, ამ ჩემმა გმირმა,ლიდერმა და დირექტორმა თქვა. ესე შორიდან რომ შევხედე ბევრი რამე არ მომეწონა და თითქოს დიქტატორი ვარ, არადა არ ვარ, არადა ესე დავინახე,რამდენი ლაფსუსი ყოფილაო, ისაო და ესაო. სულ დამავიწყდა, როგორ გავბრაზდი ყველა ამ ქალს რომ მიაწყდა, საერთოდ დავიკიდე ის საზიზღრობა, რაც ფილმში ვნახე (მეთოდებს ვგულისხმობ) და გამაბრაზა ამ ქალმა თავისი გაორებით. იმით, რომ შორიდან ნახვით დაინახა რას აკეთებდა და მანამდე არც უფიქრია ამაზე. გამაღიზიანა იმან რომ არც სწამდა იმის, რასაც „პატრიოტებს“ ეუბნებოდა. არადა, იცით, რას უბნებოდა? კი არ ეუბნებოდა, ბოლო ხმაზე ხაოდა, მალე ბანაკს აფხაზეთში გავხსნითო, დავიბრუნებთო. რაღაც წარმოდგენაც გამართა, სადაც ის ვითომ აფხაზეთი იყო და ამბობდა ტექსტს „მე გელოდებით“. დილიდან საღამომდე „ჯოს“-ს აყვირებინებდა მთელ ბანაკს. ამ ყველაფერს მთელი გრძნობით და ვნებით აკეთებდა და ამ დროს, ფილმის შემდეგ ეჭვი შეეპარა თავის „რწმენაში“. აი, ამან გამაბრაზა, ამ ამბივალენტურმა პატრიოტმა.

12 Nov 2009

გეოგრაფიულად ქართველი

ბოლო დროს მაღიზიანებს ადამიანების ეროვნების მიხედვით დაყოფა. ეს არის სტიგმატიზაცია.იმ აზრისგან შორს ვარ, რომ ქართველი ერი საუკეთესოა, გამორჩეული და ყველაზე ნიჭიერი.თუმცა, ბავშვობაში ამის მწამდა და ბედნიერებას ვგრძნობდი ჩემი ეროვნების გამო. ეროვნების გაგებით, უკვე ადამიანზე რაღაც წარმოდგენა მექმნებოდა მისი პიროვნების გაცნობამდე. ეს ხომ არასწორია? არასწორი იყო ის შეგრძნებებიც, რომ ხასიათის გარკვეული შტრიხები, მაინცდამაინც ქართულია. ხასიათის ტიპების გაეროვნულებაც არასწორი ყოფილა. დავიჯერო, ნიჭიერი და ზარმაცი პოლონელი არ არსებობს? არსებობს. არასტუმართმოყვარე ქართველი არ არსებობს?არსებობს.

ისე, „ქართველიც“ სადავო ცნებაა. დარწმუნებული ვარ, 40 000 ყივჩაღიდან, ერთი მაინცაა ჩემი წინაპარი. ბატონი თემურიც იმდენჯერ შემოგვესია რომ, ნამდვილად მოახდენდა გავლენას ჩემს გენეტიკაზე (თან კახელი ვარ). ასე რომ, თავს არ მივაკუთვნებ არცერთ ეროვნებას! მხოლოდ გეოგრაფიულად ვარ ქართველი.

რა კარგია, რომ პირადობის დამადასტურებელ მოწმობაში არ წერია ეროვნება.