Showing posts with label ჩემი თვალით ნანახი ამბები. Show all posts
Showing posts with label ჩემი თვალით ნანახი ამბები. Show all posts
19 Jul 2010
გასვლა
ქალაქიდან გავედი ერთი დღით. კარგად გამოვიძინე, გავგრილდი. დღეს სამსახურში წამოსასვლელად ავტობუსის გაჩერებაზე ვიდექით მე და ჩემი თანადამსვენებელი, როდესაც მანქანა შეჩერდა და ამ ქალს ანიშნეს დასხედითო. გამიხარდა, ჩავჯექი. კეთილი მასპინძელი წუწუნებდა, რა დროს გასვლითი სხდომაა, რა ხდება ამ წალკაში ისეთი, რომ მაინცდამაინც იქ უნდა ჩაატაროს სხდომა, რა გონია, რა დახვდება იქ, მარტო გახრიკებული ადგილიო. ჩემი ჩამოსვლის დრო მოვიდა, გული დამწყდა. მაინტერესებდა, კიდევ რამდენხანს იწუწუნებდა (თურმე) გამგებელი პრეზიდენტის დანიშნულ გასვლით სხდომაზე.
12 Apr 2010
colour of married woman

"შენ გათხოვილი ხარ, ხო?"-მკითხა მეგობრის ბებიამ, ისეთი ტონით, რომ ჩემი გაუთხოვრობის შემრცხვა. უარყოფით პასუხს უფრო გაკვირვებული სახე მოყვა. სანამ რამეს მეტყოდა, მივაშველე "არ ვაპირებ ჯერ". "არადა, ისეთი ფერი გაქვს, გათხოვილი მეგონე, მალე გათხოვდები, ე.ი."-აქ უკვე მე დამრჩა გაკვირვებული სახე,მას არაფერი მოუშველებია და მას მერე ვფიქრობ, რა ფერი შეიძლება ჰქონდეს გათოხვილ ქალს, ან რა ფერი მქონდა მე:)
24 Feb 2010
ლოცვა და იმედი
სამზარეულოში შევედი და დამხვდა სანახაობა: საპატრიარქოს არხი შვიდგზის ლოცვას გადმოსცემს, თანამშრომელი ლოცულობს. ანტენა მოძრაობს და ლოცვა შიშინით ისმის. თანამშრომელი ერთი ხელით ანტენას ასწორებს, მეორე ხელით მლოცველის პოზას იჭერს. ლოცვას წყვეტს და დაუმორჩილებელ ანტენას მიმართავს: „უხ შენი!“. საბოლოოდ, ანტენამ „იმედი“ დაიჭირა. კადრი: თეა თუთბერიძე ისმენს კითხვას: „სექსში თავისუფალი ხარ?“. თანამშრომელი ყურადღებით ელის პასუხს.
19 Nov 2009
ამბავი ამბივალენტურზე

ამბავი დაგვიანებით დაიწყო. მე და ქეთი გოეთეს ინსტიტუტში, რუსუდან პირველის და სალომე ჯაშის ფილმების ჩვენებაზე წავედით. დარბაზში ცხელოდა. იმდენი და ისეთი ხალხი იყო, რომ ერთი ბომბის შემოგდება რამდენიმე წლით უკან დახევდა ქართული სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესს. მთავარი ამბავი დაიწყო მაშინ, როდესაც დამთავრდა ფილმი „ლიდერი ყოველთვის მართალია“ (ავტორი: სალომე ჯაში). ფილმი პატრიოტთა ბანაკზე იყო. ყველამ დავინახეთ, როგორ (აღ)ზრდიან პატრიოტებს და ბევრს არ მოეწონა მეთოდი. შუქი აანთეს, უკეთესად დავინახე აღშფოთებული სახეები(თან ფეხზე ვიდექი :ანშლაგისმაილ:). რა გასაკვირია, რომ ჩვენი მოაზროვნეები კრიტიკით შეხვდნენ ბანაკის მეთოდებს. აღმოჩნდა რომ ფილმის და ჩემი პოსტის გმირი, ბანაკის ლიდერი და რომელიღაც სკოლის დირექტორი (სახელი არ მახსოვს), ჩვენებას ესწრებოდა. ფილმში იყო ისეთი კადრები, რომელშიც ეს ქალი მთავარ იდეოლოგად ჩანს. იყო სასაცილო მომენტებიც, რაზეც მეც გულიანად ვიცინე. მოკლედ, დადგა ეს ქალი და მოისმინა რამდენიმე მწვავე კრიტიკული განცხადება. ხმაური რომ ატყდა, ერთ-ერთი სელებრითი (არ ვაქილიკებ, უბრალოდ არ მიყვარს სახელები და გვარები) ადგა და ზუსტად ის თქვა რასაც ვფიქრობდი. მოკლედ, ხალხს ურჩია, ამ ადამიანისკენ არ მიემართათ მთელი ბრაზი, რადგან მხოლოდ ის არაა დამნაშავე. ცოტა დამშვიდდა სიტუაცია და მთავარი, რამაც აღმაშფოთა, ამ ჩემმა გმირმა,ლიდერმა და დირექტორმა თქვა. ესე შორიდან რომ შევხედე ბევრი რამე არ მომეწონა და თითქოს დიქტატორი ვარ, არადა არ ვარ, არადა ესე დავინახე,რამდენი ლაფსუსი ყოფილაო, ისაო და ესაო. სულ დამავიწყდა, როგორ გავბრაზდი ყველა ამ ქალს რომ მიაწყდა, საერთოდ დავიკიდე ის საზიზღრობა, რაც ფილმში ვნახე (მეთოდებს ვგულისხმობ) და გამაბრაზა ამ ქალმა თავისი გაორებით. იმით, რომ შორიდან ნახვით დაინახა რას აკეთებდა და მანამდე არც უფიქრია ამაზე. გამაღიზიანა იმან რომ არც სწამდა იმის, რასაც „პატრიოტებს“ ეუბნებოდა. არადა, იცით, რას უბნებოდა? კი არ ეუბნებოდა, ბოლო ხმაზე ხაოდა, მალე ბანაკს აფხაზეთში გავხსნითო, დავიბრუნებთო. რაღაც წარმოდგენაც გამართა, სადაც ის ვითომ აფხაზეთი იყო და ამბობდა ტექსტს „მე გელოდებით“. დილიდან საღამომდე „ჯოს“-ს აყვირებინებდა მთელ ბანაკს. ამ ყველაფერს მთელი გრძნობით და ვნებით აკეთებდა და ამ დროს, ფილმის შემდეგ ეჭვი შეეპარა თავის „რწმენაში“. აი, ამან გამაბრაზა, ამ ამბივალენტურმა პატრიოტმა.
12 Sept 2009
რატომ უნდა ვნახო "ანტიქრისტე"

პირველად ამ ფილმზე "ცხელი შოკოლადიდან" გავიგე. გოგი გვახარიას სტატია იყო კანის ფესტივალზე. მეორედ ეს ფილმი უცნაურად აღმოჩნდა ჩემს კომპიუტერში : საიტზე შევედი, სადაც ფილმებს ვუყურებ ინგლისურად და ახალი ფილმების სიაში სიტყვა ანარქისტი წავიკითხე. ბმულზე გადავედი, რადგან ეს სიტყვა მიყვარს. (ალბათ, იმიტომ, რომ ყოველთვის მინდოდა ანარქისტობა) ანარქისტი "ანტიქრისტე" აღმოჩნდა. ფილმი გადმოვწერე, მაგრამ სამსახურში ვერ ვუყურე. რამდენიმე დღეა მეხსიერების ბარათს მიმძიმებს...ვერც ვერავინ ვნახე, ვინც მეტყვის ღირს, თუ არა ყურება. მოკლედ, ვერ ჩამითრია ვერც სახელწოდებამ, ვერც ანოტაციამ, ვერც პირველმა 5-მა წუთმა, მაგრამ ახლა მყარად გადავწყვიტე ყურება. ამის მიზეზი ჩემი დღევანდელი ვიზიტია კინოს სახლში. სანამ ფილმი დაიწყებოდა, ვიღაცა კაცმა გვაცნობა რომ საღამოს 8 საათზე კიდევ ერთი ფილმი გავიდოდა სახელად "ანტიქრისტე". ისიც გვითხრა რომ ფილმი ახალია და მართლმადიდებლური...აი, ამ უკანასკნელმა სიტყვამ ჩამითრია. გამოსვლის წინ გადავამოწმე, რომ ეს მართლმადიდებლური ფილმი ლარს ფონ ტრიერს ეკუთვნის და ხვალაც გავა 8 საათზე.
Subscribe to:
Posts (Atom)
