27 Jul 2010

ოპტიმალური სიჩქარე


ურთიერთობები რაღაც სიჩქარით ვითარდება. არსებობს ემოციაც, რომელიც შენგან დამოუკიდებლად იცვლება, მძაფრდება, ან იკლებს, მოკლედ, ისიც  თავისი სიჩქარით მიდი-მოდის. ამ სიჩქარით უნდა აყვე ურთიერთობას. სულ უნდა უყურო ემოციის "სპიდომეტრს" და მასზე მეტად არ აჩქარდე. ეს იგივეა, მოძრავი მანქანიდან გადმოხვიდე და მასზე სწრაფად იარო. ბოლოს მაინც გადაგივლის ეს მანქანა,  ემოცია, რომელსაც მოქმედებამ დაასწრო და დაუბადებლად მოკლა.

26 Jul 2010

hungry


ერთმა მეგობარმა მასწავლა ადამიანების შეცნობის კაიფი. უკვე ცხრა წელია ამ ნარკოტიკზე ვზივარ. პერიოდულად "მშივდება" და საჭმლის ძებნას ვიწყებ. ზოგი მომყვება ამ თამაშში. ზოგი კი არა, ვინც მომშივდა, ყველა აზარტული აღმოჩნდა. ახლა შიმშილის პერიოდი  მაქვს. დაცლილი ვარ და ისეთი განცდაც მაქვს, რომ ვეღარ შევჭამ. ისეთი, ისეთი დაცლილი ვარ, რომ პირველად ვწერ ასე საჯაროდ. მშია.

21 Jul 2010

სავსე


ყოფილხართ ისეთი სავსე, რომ მიწაზე ფეხიც ვერ დაგიდგამთ? ისეთი სავსე, რომ გეგონათ, საჭმელიც არ დაგეტევათ კუჭში? გიგრძვნიათ ამ სისავსისგან ხტუნვის სურვილი, რათა როგორმე ამოგესუნთქათ? ხო ყოფილხართ ისეთი სავსე, რომ ლაპარაკი გაგჭირვებიათ და, თითქოს, ტანსაცმელიც პატარა გაქვთ? აი, ესეთი სავსე იყო "მარშუტკა", როცა მძღოლმა კიდევ ერთი მგზავრი დაგვიმატა :)

19 Jul 2010

გასვლა


ქალაქიდან გავედი ერთი დღით. კარგად გამოვიძინე, გავგრილდი. დღეს სამსახურში წამოსასვლელად ავტობუსის გაჩერებაზე ვიდექით მე და ჩემი თანადამსვენებელი, როდესაც მანქანა შეჩერდა და ამ ქალს ანიშნეს დასხედითო. გამიხარდა, ჩავჯექი. კეთილი მასპინძელი წუწუნებდა, რა დროს გასვლითი სხდომაა, რა ხდება ამ წალკაში ისეთი, რომ მაინცდამაინც იქ უნდა ჩაატაროს სხდომა, რა გონია, რა დახვდება იქ, მარტო გახრიკებული ადგილიო. ჩემი ჩამოსვლის დრო მოვიდა, გული დამწყდა. მაინტერესებდა, კიდევ რამდენხანს იწუწუნებდა  (თურმე) გამგებელი პრეზიდენტის დანიშნულ გასვლით სხდომაზე.

16 Jul 2010

ვინ გამოიცნობს?


კორონა, უკვე რამდენიმე წელია, სოფო ხალვაშს სურვილიდან სურვილამდე მიაქროლებს. ისიც ეხვეწება, იყავი სულ ჩემთანო, ხოდა, გავგიჟდი უკვე ამ ხვეწნა-მუდარის მოსმენით და ხომ არ იცით, რა მანძილი უნდა დაფაროს სოფომ a სურვილიდან  b სურვილამდე, რათა ეს კორონაც დარჩეს მასთან და  ორივემ დამანებოს თავი?

პ.ს. პოსტი ეძღვნება კომიკური საუბრების საერთაშორისო დღეს, რომელიც გუშინ ყოფილა :)

13 Jul 2010

Discovery


სიძულვილი, ზიზღი, სიყვარული, მონატრება,  სიხარული,  გულდაწყვეტა,  სინანული, აღფრთოვანება,  გადარევა, გაგიჟება,  გარდაცვალება,  დაბადება,  შეცნობა,  მიტოვება, ცვლილება, მარტოობა, აღმაფრენა, დაცემა, მზრუნველობა, სითბო, უიმედობა, იმედი.... Jesus' blood never failed me yet , ამის გარეშე ვერ განვიცდიდი ამდენს..

12 Jul 2010

გვინდა-არ გვინდა


არ არსებობს ცუდი,  კარგი,  შესაფერისი,  შეუფერებელი,  გადასარევი,  საზიზღარი,  აუტანელი,  საყვარელი,  თბილი, ცივი,  ყურადღებიანი, უყურადღებო,  ეჭვიანი,  ეგოისტი,  ერთგული,  ორგული,  კეთილი, ბოროტი, ან მესაკუთრე ადამიანი.  არსებობს მხოლოდ ის ადამიანი, ვინც გვინდა და ვინც არ გვინდა, უბრალოდ.

11 Jul 2010

მოსაგონარი..


უკვე ერთ თვეზე მეტი გავიდა, რაც ჩვენ შორის აღარ ხარ..ყველასთვის საყვარელი და  ძვირფასი იყავი, მაგრამ,  გამოგვეცალე ხელიდან. უშენოდ თავს უმწეოდ ვგრძნობთ, თან ვერაფერს ვცვლით. თავს იმით ვინუგეშებთ, რომ ღმერთს თავისთვის კარგები უნდა ყოველთვის. შენც ხომ ესეთი კარგი იყავი, სიგრილევ..

10 Jul 2010

სად მთავრდება გაშუქება და იწყება ამბავი ?

tweet.ge - ს პრეზენტაციაზე რამდენიმე  ჟურნალისტი იყო მოსული. ოპერატორები კადრებს იღებდნენ.  შუა დარბაზში მაგიდა ცარიელი იყო,  უმეტესობა დარბაზის კიდეში ჩამწკრივებულ სკამებზე ვისხედით. კადრებისთვის ამ მაგიდასთან დასხდომა გვთხოვა ერთმა ჟურნალისტმა. დავსხედით.  რამდენიმე წუთში ერთ-ერთმა ორგანიზატორმა თქვა, პრეზენტაციას ვიწყებთო. ამ წინადადებას მოყვა ჟურნალისტების მოკლე წინადადება -  "წავედით".  ესე ასცდა დროში ერთმანეთს გაშუქება და ამბავი :)