25 Jan 2015

დონატის მჭამელთა მჭამელებს

დონატის მჭამელთა ხამებად გამოცხადების მთავარი საბაბი მათი რაოდენობაა, როგორც დავაკვირდი. ყურადღება შეკითხვა - თვისებრივად განსხვავდება, თუ არა, დონატის თითოეული მჭამელის ქცევა შემდეგ ორ შემთხვევაში: 1. დონატი ჭამა 100-მა ადამიანმა. 2. დონატი ჭამა 10 000-მა ადამიანმა. რა თქმა უნდა, შეკითხვა რიტორიკულია და ძალიან კარგად ვიცი, რა დევს შავ ყუთში - დაუსაქმებელი ერის მორიგი ისტერია.

11 Nov 2012

უმცირესობა


ალბათ მარტოობის შიშმა შექმნა "უმრავლესობა".მე უფრო მეტად მსგავსებების მეშინია, კასტების და ერთი ნიშნით დაჯგუფებული ხალხის. ამორალურობაზე მეტად ერთნაირობა მირევს გულს. ყურში მეჩხირება სიტყვები "ჩვენ", "თქვენ". რეალურად ყველა უმცირესობა ვართ ცალცალკე, რადგან მახასიათებლების კომბინაცია სხვადასხვა გვაქვს და არსებობს "მე" "შენ" "ის" და რაიმე ჯგუფი მხოლოდ ილუზიაა.
p.s.პოსტის ფოტო არის გუგლში "უმცირესობის" ძიების პირველივე შედეგი.

30 Oct 2012

ჯერ სად ხართ


მე გეტყვით ჯერ სადაც ხართ - ჯერ ხართ ტრაკში. ჯერ არაფერი შეცვლილა. ჯერ ისევ გჯერათ, რომ სხვა შეგიცვლით მდგომარეობას. ჯერ ისევ დედა გაჭმევთ საჭმელს, ჯერ ისევ სერიალებს უყურებთ,ჯერ ისევ გჯერათ სხვისი და არა საკუთარი თავის. ჯერ ისევ "ჯოს" ხართ, ჯერ ისევ ჯოპლინს ვერ ცნობთ ხმაზე. ჯერ ისევ ტრაკში ხართ და იქიდან ყვირით და ცუდად ისმის თქვენი ხმა.

11 Oct 2012

დისლაიქ-ერი


ჩვენ გვამოძრავებს ვიღაცის საწინააღმდეგო აზრი და არა ვინმეს თანამოაზრეობა. ჩვენ არავის ვაძლევთ ხმას, უბრალოდ ვინმეს არ ვაძლევთ. ჩვენ არავინ მოგვწონს, უბრალოდ ვინმე არ მოგვწონს. გადასარევად მოიფიქრეს "ჯეობარში" საწინააღმდეგო ხმის მიცემა. მარტივი და ზუსტი ფორმულაა ჩვენი არჩევნის გაკეთების პრინციპის. წარმოდგენა არ მაქვს, როგორ შეიძლება რამის მოწონება ვისწავლოთ, მაგრამ აშკარაა რომ მძღნერს ვჭამთ, რადგან ტალახის ჭამა არ მოგვწონს.

25 Jan 2012

შიშველი სიმართლე

დარწმუნებული ვარ, არავინ გეტყოდათ ამას. არცერთი ფრენდი დაასტატუსებდა ამას (და ვინც დაასტატუსებდა, ის დაჰაიდებული გეყოლებათ, როგორც ყველა სიმართლის პირშიმომხლელი). მე არ ვიცი რა ხდება ახლა თქვენს გულებში, მაგრამ გეტყვით რა ხდება გარეთ..გარეთ თოვს.დიახ, თოვს. ნუ გაქვთ გაკვირვებული სახე, მესმის რომ ჯერ არავის უთქვამს დღეს თქვენთვის, მესმის რომ არავის დაუდია ვოლზე დამადასტურებელი ფოტო, მესმის რომ არ გაქვთ ფანჯრები და არ შეგიძლიათ თავად ნახოთ რა ხდება გარეთ.

8 Nov 2011

ვოჩ მი !


მიყურე, უფროსო ძმაო! აღარ ვნერვიულობ შენზე. აღარ ვლაპარაკობ ტელეფონზე დაშიფრული სიტყვებით, აღარც გემალები და აღარც ვდარდობ იმაზე, რომ ყველაფერი იცი და ყველაფერს ხედავ. მიყურე, უფროსო ძმაო! არაფერი მაქვს საწინააღმდეგო. ყოველთვის მინდოდა უფროსი ძმა მყოლოდა. სულ ორი გზა მაქვს : რამე დაგიმალო, ან ყველაფერი გაჩვენო. ხოდა, გაჩვენებ,რადგან, თუ რამეს დამალვას გადავწყვეტ, მაშინ ეს რაღაც ვერც მოხდება, რადგან ყველგან ხარ.

10 Sept 2011

დიქტატურა

დიქტატურა არ არსებობს. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც არ სურთ თავისუფლება და ვერ იღებენ თავისუფლების არქონის პასუხისმგებლობას. ასეთმა ადამიანებმა შექმნეს დიქტატორები. ძალას არ აქვს ძალა, თუ არსებობს სურვილი. არასწორად არის გაგებული ვინმესთვის თავისუფლების მინიჭების აქტიც, რადგან ეს ადამიანს აქვს, ან არ აქვს - ვერ გამოართმევ, ვერც მისცემ. არ არსებობს დიქტატურა, არავისთვის გამოურთმევიათ თავისუფლება, ვიღაცას ის, უბრალოდ, არ ჰქონდა.

26 Jun 2011

შემდეგი გაჩერება vol.2


2 წლის წინ დაწერილ პოსტში ვღადაობდი, უნივერსტეტის შემდეგ ერთი გაჩერებით წინ წავედი–მეთქი (სამსახური იყო მომდევნო გაჩერებაზე) და ვითვლიდი ვაკის პარკამდე როდის მივიდოდი. 2 წლის შემდეგ, კიდევ ერთი გაჩერებით წავიწიე წინ (ნიუ ჯაბ). ახლა პროგრესია დავამუღამე – თუ გაჩერებების რაოდენობა სწორად მახსოვს და, თუ პროგრესია არ დაირღვევა, ვაკის პარკამდე 6 წელი დამრჩა.

25 May 2011

ჩაო, ნინო


დედაჩემს ძალიან უყვარდა ეს სიმღერა პარტიზანზე. სტუდენტობის დროს მეგობრებთან ერთად კახეთში წასულა, ქორწილში. სუფრასთან ზუსტად ამ სიმღერის შესრულება დაიწყეს. მასპინძლებმა რომ გაიგეს "პარტიჯანო", იფიქრეს, ბავშვებს ბადრიჯანი მოეწონათო და მაგიდაზე ბადრიჯანი დაამატეს. ეს ამბავი რომ მომიყვა ნინომ, ხუმრობით ვეუბნებოდი ხოლმე 'ჩაო, ნინო' .
p.s. ბოდიშს ვუხდი მათ, ვინც აქციაზე ან დავით პაიჭაძეზე ელოდა გაბრაზებულ, ან სულაც მაამებლურ პოსტს.

21 May 2011

რამდენს იტევს თავისუფლების მოედანი?


ბევრი მიტინგი და წარუმატებელი აქცია ჩატარდება თავისუფლებაზე და მაინც ვერავინ დაითვლის, რამდენი ადამიანი ეტევა და როდის რამდენი ადამიანი მდგარა აქციაზე. ერთი რამ დანამდვილებით ვიცი და მინდა ყველა მომკივან მომიტინგეს ვუთხრა, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე, თუნდაც მხოლოდ პატრიოტი, ვერ დაეტევა თავისუფლების მოედანზე, ამიტომ გეხვეწებით, ნუ მოუწოდებთ ყველას მოსვლისკენ!-არ დაეტევა ყველა!

4 May 2011

კოდირებული სურნელი


ხო, ადამიანის შესახებ ბევრი რამის დამახსოვრება შეიძლება: სახის, ხმის, ამბის... სურნელის. ჩემთვის ეს ყველაზე ადვილი დასამახსოვრებელია. ცხვირი დეკოდერია, რომელიც ნაცნობი სურნელის შეგრძნებისას ყველა სხვა ინფორმაციას აღადგენს. ჩემნაირი არქივარიუსისთვის კარგი იქნებოდა, პატარა კოლბაში ადამიანების სურნელის შენახვა რომ შეიძლებოდეს. კოდირებული სურნელით სავსე კოლბებით ვირბენდი, ბედნიერად, მაგრამ, ალბათ, კოლბებთან ახლოსაც ვერ მივა ცხვირთან შემთხვევით მოხვედრილი ნაცნობი სურნელის შეგრძნება.

2 May 2011

მაი ჯიფსი ბლოგ


გაგიკვირდებათ და გაოცდებით,როდესაც გეტყვით, რომ ჩემი ჯიფსი ბლოგის ახალ მისამართზე ბრძანდებით. მე ის დავუბრუნე ადგილს, 'სადაც შობილა, გაზრდილა' და უწერია პოსტები. ვფიცავ ყველაფერ წმინდას, მეორედ მოსვლამდე აღარ შევუცვლი მისამართს. რა თავხედობა იყო, ეხლა, ეს მეორედმოსვლის დაკავშრება ჩემს ბლოგთან, რომელიც სულ 812 კილობაიტს იწონის?!

21 Apr 2011

'არ მომიპარავს - მიპოვნია'


თუ დათო გომართელი და ლელა წურწუმია მეტყვის, რომ Alejandro sanz–ის და Angelique kidjo–ს თანხმობა აქვთ, მათი სიმღერების გადმოსაქართულებლად, მაშინ არ გავაპროტესტებ მათ მონაწილეობას 26 აპრილს დაგეგმილ კონცერტში სახელწოდებით 'არ მოიპარო  სიმღერა'. თუ ეს ორი ადამიანი ვერ მეტყვის ამას, აქციის ორგანიზატორებმა სახელი მაინც შეცვალონ და დაარქვან 'არ მომიპარავს - მიპოვნია'.

20 Apr 2011

რატომ დაგვესხა თავს ლაფი


არ ინერვიულოთ, არ აღელდეთ, ქართველებო, მეორედ მოსვლა და ცეცხლის წვიმები არაფერ შუაშია. არც იაპონიის ტალახი გარევია დღევანდელ წვიმას, არც თქვენი ცოდვების გამო დაგსვრიათ ტანსაცმელი. ყველაფერი მარტივადაა-მე და ბიძაჩემმა სამრეცხაო გავხსენით და კრედიტის მალე დასაფარად, მთელი ღამე ტალახით დავრბოდით და მანქანებს ვუსვამდით.  წვიმამ ყველაფერი გაამძაფრა, უბრალოდ.

31 Mar 2011

დედამიწის საათი


რამდენიმე დღის წინ, დედამიწის ხათრით, ბევრ ქვეყანაში ელექტროგანათება გამორთეს.  ჩაბნელებულ ქვეყნებში საქართველოც შევიდა.  საწინააღმდეგო კი არ მაქვს რამე, უბრალოდ, ბევრი ვიცინე იმაზე, რომ აქციაში საქართველოს ჩართვაზე ზრუნავდა თვით ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF). პოპულარული ენით რომ ვთქვა, ლეგიტიმური კითხვა გამიჩნდა: ვინ და რა აქციაში ჩაგვრთო 90–იან წლებში?

19 Feb 2011

ბოიკოტი


არ მახსოვს, როდის ჩავიდე თავში ყველა ახალი ამბის ცოდნის აუცილებლობა. დღეს მივხვდი რომ არაფერი დაშავდება თუ არ მეცოდინება რამდენი ადამიანი დაიღუპა  ტერაქტის დროს, რამდენ ტყეს უკიდია ცეცხლი, რამდენი ადამიანი შეაკვდა დიქტატორის გადაგდების მცდელობას, რამდენი წლის იყო ბიჭი, რომელმაც თავი აიფეთქა, რამდენ წელიწადში მოვა მეორედ ქრისტე. ვიკეთებ 'ნაუშნიკებს' და ვუყურებ ბევრ ფილმს და ვიდეოს. უბრალოდ, არ ვარ ოცდამეერთე საუკუნის ადამიანი და ვერ ვუძლებ ამდენ ინფორმაციას.

2 Feb 2011

come on baby, LIKE my fire


ჩემს ბლოგზე  ლაიქების კონკურსია.  პოსტის ავტორი, რომელიც ყველაზე მეტ ლაიქს მიიღებს, დაჯილდოვდება ჩემივე ბლოგზე ერთი პოსტის გამოქვეყნების უფლებით. გთხოვთ არ დაგეზაროთ და წაიკითხოთ ქვემოთ არსებული 42 პოსტი და დაალაიქოთ.  თუ არცერთი მოგეწონებათ, არაა პრობლემა, უბრალოდ, რომელიმე დაალაიქეთ, ძალიან დამეხმარებით.

11 Jan 2011

საპასუხო პროპაგანდა


დაახლოებით ათი წელი ვიყავი ბებიის პროპაგანდის მსხვერპლი. ჩემი პოსტების ლაკონიურობის დასაცავად არ ჩამოვთვლი პროპაგანდის საგნებს. სახალისო ის არის რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მე გავხდი პროპაგანდისტი და ის მხოლოდ იმ მასალას ეცნობა, რომელსაც მე მინდა რომ გაეცნოს. მე ვაძლევ წიგნებს და ჟურნალებს, მე ვუთითებ ავტორებს და ასე ვხდებით მე და ბებია იმაზე უკეთესი თანამოსაუბრეები, ვიდრე მისი პროპაგანდის დროს ვიყავით.

4 Jan 2011

Digital Me


მონატრებული მეგობრის ფოტო ჯერ ციფრებად იქცევა და შემდეგ, უამრავი კაბელიდან ისევ სურათად ქცეული, ჩემს მონიტორს ფარავს. ამავე გზას გადის ყველა ტიპის ფაილი ჩემამდე და მეც სავსე ვარ ციფრებით, ანუ, ფოტოებით, მუსიკით, ფილმებით, სტატიებით.. მომენატრა ვიდეო კასეტა, აუდიოც, დაბეჭდილი ფოტოებიც და ყველაფერი, რასაც ჯერ ხელში დაჭერა უნდა, სანამ ტვინამდე მივა. ალბათ, გონება ჩამორჩა და ვერ ადაპტირდება ციფრულ სამყაროში, ამიტომ, გამუდმებით მინდა ამ ციფრების ნაცვლად ხელშესახები ნივთები, რომლებსაც ვერ დაა-Delete-ებ, მარტივად ვერ ამოშლი C ან D დისკიდან, თითქოს, არც ყოფილან.

21 Dec 2010

სოცმომსახურების მსახურები


მზრუნველობის დამადასტურებელ საბუთში ასობგერა ინის ჩასამატებლად ვესტუმრე ვაკესაბურთალოს სოცმომსახურების სააგენტოს პლეხანოვზე. პირველმა კაცმა, ვისაც კითხვა დავუსვი, მეორე კორპუსში გამიშვა, მეორე კორპუსიდან 203-ე ოთახში გამიშვეს, 203-ე ოთახიდან 302-ე ოთახში გამიშვეს, 302-მ, ისევ, მეორე კორპუსში, სადაც აღიარეს რომ შეცდომით მითხრეს 203 და 302-ში უნდა მივსულიყავი. 302-ში დავწერე განცხადება ასობგერის ჩამატების თხოვნით, სააგენტოს უფროსის სახელზე, რომელიც აღმოჩნდა 'პირველი კაცი', რომელმაც გამიშვა მეორე კორპუსში.

4 Dec 2010

ვაიმეეეე


ჩემი მომთაბარე ბლოგი გადმოვიდა ახალ მისამართზე - green.vaime.ge

5 Sept 2010

Seize the Day


მეხსიერება მანებივრებს მოცულობით. ტვინი ძალდაუტანებლად გადასცემს სიგნალს REC-ს და  იწერს ყველაზე კარგ წამებს. ყველაზე ხშირად ეს ხდება მონათესავე სულების შეცნობისას, როდესაც ემოციებისგან სხეულის ფორმის შეგრძნებას ვკარგავ და მგონია, გახეთქილი გული მუცლის ღრუს მივსებს. ამ დროს პირის გაღებაც მიჭირს, ბგერებს ვერ ვაკონტროლებ და, თავისთავად, დროსაც ვერაფერს ვუხერხებ, უბრალოდ, ტვინის იმედზე ვარ, რომელიც მონდომებით იწერს მომენტებს.

შენ როდის აჩერებ დროს,  clown ?

31 Aug 2010

Summer's Almost Gone


ყველაზე ამაღელვებლად დაწყებული და უსაშველოდ გახანგრძლივებული ზაფხული მთავრდება. მხოლოდ ამ ზაფხულს მქონდა დღე, როდესაც დილით უზომოდ გახარებული ვიყავი, საღამოს- უზომოდ მოწყენილი. მთავარი განცდებია, თორე დიდი არაფერი მომხდარა. დილით სტუმრები წავიდნენ, საღამოს ბრაზილიამ წააგო. სტუმრები მალე დაბრუნდებიან, ბრაზილია კი მაინც მიყვარს.

p.s. ხო, ერთ რამესაც მივხვდი: არაა საჭირო 'მარშუტკაში' ფანჯარასთან დაჯდომა. მის უკანა სკამზე უკეთესად უბერავს.

28 Aug 2010

ჯასთ ენაზერ თაგ პოსტ


რა თქმა უნდა, ბევრ რამეზე ვჭედავ. მაქვს ბევრი ახირება და ბაზრობაზეც არ ვარ მხოლოდ ერთხელ ნამყოფი :zurriusssmile: წესრიგი მიყვარს, თუმცა, არაა გამორიცხული, დამტვერილ მაგიდასთან დავჯდე და გემრიელად მივირთვა. თავს ვიკავებ ფიზიკური ძალადობისგან, როცა ბავშვი ტოვებს საჭმელს. იშვიათად მიხარია სტუმრის მოსვლა. ვერ ვიტან, ვინმეს რომ უნდა გავუშალო სუფრა. გოიმური რა მაქვს, არ ვიცი. აააა, ფრჩხილებს ვიკვნეტდი და აღარ ვიკვნეტ. ესე საჯაროდ არასდროს გეტყვით ჩემს გოიმობაზე არაფერს. მაგისთვის  მეგობრები არსებობენ.

სიამოვნებით მოვუსმენ ქეთის, ჩორვენს და ფსიქეს

14 Aug 2010

It doesn't matter


სამწუხაროდ,  ყველანი ვიღაცის შვილები ვართ. ვინმეს ძეობა და ასულობაც სამწუხაროა.  სამწუხაროა ეს კუთვნილება და კლიშე, რომესაც გვარით ვატარებთ.  ჩვენ ამის გარეშეც ვართ ის, ვინც ვართ და ამ გვარით მაინც ვერ ვიქნებით ის, ვინც არ ვართ. არ აქვს მნიშვნელობა ვისი გენეტიკური მახასიათებლებია ჩემი უჯრედების ბირთვებში. მე მაინც ცალკე ტიპი ვარ, არც არავის ძე,  არც არავის ასული.

ჩამომართვით ეს გვარი, სახელი და  დამნომრეთ! უბრალოდ ვიქნები მერამდენეღაცა ახალშობილი, რომელიც თავისით დაირქმევს სახელს.

9 Aug 2010

unidentified


მაქვს სახელი, გვარი, ფსევდონიმი, ზოდიაქოს ნიშანი, დაბადების თარიღი, ბიოგრაფია, გატაცება, სურვილები...ბევრი რამ, რითაც ვახდენ თვითიდენტიფიცირებას. უფრო მართებული იქნებოდა მეთქვა "მქონდა", რადგან დღეს დავკარგე ერთი მოცემულობა და დღეიდან ჩემს თავზე ვიტყვი "მე აღარ ვარ", რა მნიშვნელობა აქვს რა, უბრალოდ, ის აღარ ვარ, რაც დღემდე ვიცოდი. არა, უფრო მართებული იქნება "არც მქონია". ყველაზე მძიმე მომენტია ჩემს ცხოვრებაში–არ ვიცი ვინ ვარ.

4 Aug 2010

კამასუტრაზე როგორ ხარ?


მოდი, ეხლა, რაღაც სასიამოვნოზეც ვისაუბროთო - უთხრა ნანკა კალატოზიშვილმა სოფია კენჭიაშვილს მაშინ, როცა უკვე ვიცოდით როდის და რამდენი საყვარელი ყავდა გადაცემის სტუმარს. მერე გაუჭირდა ნანკას, მაგრამ მაინც მიუბრუნდა "უსიამოვნო" თემას და თქვა: "ეს ეხლა ვფიქრობ, პირდაპირ დაგისვა კითხვა, თუ რამე ისე გაგესაუბრო?..ინდოეთი..კამასუტრასთან როგორ ხარ?-ამ დროს სოფიამ შეიცხადა, რამე სასიამოვნოზე ვისაუბროთო და ..(ეს რა კითხვა არისო. ავტ:) )
ხოდა, დაუფიქრებლად, პირდაპირ გკითხავ, შენ ისე როგორ ხარ, ნანკა?

27 Jul 2010

ოპტიმალური სიჩქარე


ურთიერთობები რაღაც სიჩქარით ვითარდება. არსებობს ემოციაც, რომელიც შენგან დამოუკიდებლად იცვლება, მძაფრდება, ან იკლებს, მოკლედ, ისიც  თავისი სიჩქარით მიდი-მოდის. ამ სიჩქარით უნდა აყვე ურთიერთობას. სულ უნდა უყურო ემოციის "სპიდომეტრს" და მასზე მეტად არ აჩქარდე. ეს იგივეა, მოძრავი მანქანიდან გადმოხვიდე და მასზე სწრაფად იარო. ბოლოს მაინც გადაგივლის ეს მანქანა,  ემოცია, რომელსაც მოქმედებამ დაასწრო და დაუბადებლად მოკლა.

26 Jul 2010

hungry


ერთმა მეგობარმა მასწავლა ადამიანების შეცნობის კაიფი. უკვე ცხრა წელია ამ ნარკოტიკზე ვზივარ. პერიოდულად "მშივდება" და საჭმლის ძებნას ვიწყებ. ზოგი მომყვება ამ თამაშში. ზოგი კი არა, ვინც მომშივდა, ყველა აზარტული აღმოჩნდა. ახლა შიმშილის პერიოდი  მაქვს. დაცლილი ვარ და ისეთი განცდაც მაქვს, რომ ვეღარ შევჭამ. ისეთი, ისეთი დაცლილი ვარ, რომ პირველად ვწერ ასე საჯაროდ. მშია.

21 Jul 2010

სავსე


ყოფილხართ ისეთი სავსე, რომ მიწაზე ფეხიც ვერ დაგიდგამთ? ისეთი სავსე, რომ გეგონათ, საჭმელიც არ დაგეტევათ კუჭში? გიგრძვნიათ ამ სისავსისგან ხტუნვის სურვილი, რათა როგორმე ამოგესუნთქათ? ხო ყოფილხართ ისეთი სავსე, რომ ლაპარაკი გაგჭირვებიათ და, თითქოს, ტანსაცმელიც პატარა გაქვთ? აი, ესეთი სავსე იყო "მარშუტკა", როცა მძღოლმა კიდევ ერთი მგზავრი დაგვიმატა :)